შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი კანი დერმატოლოგთან ვიზიტის შემდეგ თითქოს “ბზინას”? ეს არ არის მხოლოდ ძვირადღირებული შრატების და ნიღბების დამსახურება, არამედ სამასაჟო ტექნიკების, რომელიც გამოიყენება თითქმის ნებისმიერი პროცედურის დროს და “აღვიძებს” თქვენს კანს. სწორი მოძრაობები აუმჯობესებს ცირკულაციას, ხსნის შეშუპებას, აღადგენს სახის კონტურს და გამოკვეთავს ყვრიმალებს.
ეს ძალიან მარტივია და თქვენ ცვლილებებს ძალიან მალე შეამჩნევთ – ეს თითქოს ბუნებრივი სახის ლიფტინგია! ადამიანები, რომლებიც სახის მასაჟს ყოველდღიურად 5-10 წუთს უთმობენ, ამჩნევენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მათი კანი უფრო ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოიყურება, სახის ტონი კი უფრო ერთგვაროვანია.
ამჟამად ინტერნეტში სახის მასაჟის უამრავ მეთოდს გადავაწყდებით ხოლმე. ჩვენ ამოვარჩიეთ ყველაზე საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა ტექნიკებიდან და გთავაზობთ თქვენც ჩამოიყალიბოდ ასეთი მარტივი და სასარგებლო ჩვევა. მხოლოდ დაფიქრდით, თქვენს სახეზე 43 კუნთია, რომელიც გაუჩერებლად მუშაობს, დაეხმარეთ მათ აღდგენაში და დასვენებაში!
როგორ მუშაობს სახის მასაჟი?
კანზე თითების მსუბუქი ზეწოლით და სწორი მიმართულებით გასმით თქვენ ასტიმულირებთ სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფთ სახის კუნთებს მეტი ჟანგბადით, ხელს უწყობთ ლიმფოდრენაჟს, რაც ხსნის შეშუპებას.
როგორ მოვემზადოთ?
• საუკეთესო დრო სახის მასაჟისთვის არის ძილის წინ ან დილით, მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მოსამზადებლად ან უბრალოდ კანის გასაღვიძებლად და შეშუპების მოსახსნელად, სერიალის ყურებისას ან საცობში… ერთი სიტყვით – ყოველთვის!
• ყოველთვის გაიკეთეთ მასაჟი სუფთა კანზე და სუფთა ხელებით. დემაკიაჟი, დაბანა, ტონიზირება – ეს არ არის მხოლოდ სალონური პროცედურების პირველი ეტაპები! სახლშიც სწორედ ასე უნდა მოამზადოთ კანი.
• იმისთვის, რომ მასაჟით კანს არ ვავნოთ, სასურველია კანის ზეთის გამოყენება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გაიქცეთ და იყიდოთ მაღაზიაში ახალი პროდუქტი სპეციალურად სახის მასაჟისთვის. შეარჩიეთ თქვენივე კრემებიდან ისეთი, რომელიც ძალიან სწრაფად არ იწოვება კანში, მაგალითად მაკიაჟის მოსაშორებელი რძე. მთავარია, რომ თითები კანზე თავისუფლად სრიალებდნენ ყოველგვარი დაჭიმულობის და წინააღმდეგობის გარეშე.
• სასურველია ფრჩხილები მოკლედ იყოს შეჭრილი ან არ იყოს ექსტრემალური სიგრძის. გრძელი ფრჩხილებით უფრო ყურადღებით მოგიწევთ მოძრაობა.
• დასაწყისისთვის მასაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არათითი, მასში ყველაზე ნაკლები დაჭერის ძალაა, რაც არ მოგცემთ კანზე ზედმეტი ზეწოლის საშუალებას. თუ კი თავს უფრო თამამად გრძნობთ, დაიხმარეთ სხვა თითის ბალიშებიც.
როგორც ვთქვით, ყველაზე მთავარი მასაჟის დროს არის თითოეული მოძრაობის სწორი მიმართულება. და ინტერნეტში არსებული უამრავი სქემებიდან ჩვენ გთავაზობთ ერთერთ ყველაზე სწორს.
რა ტიპის სამასაჟო მოძრაობები არსებობს?
• მასტიმულირებელი (სწორი ხაზით ან წრიული)
• ლიმფოდრენაჟი (ხელების მსუბუქი მოსმა)
• აკუპუნქტურული (მსუბუქი წერტილოვანი დაჭერა)
შეგიძლიათ რომელიმე ერთი მოძრაობის ტიპის არჩევა ან მათი კომბინირება ზემოთაღნიშნული თანმიმდევრობით. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობის, ინტენსივობის და ზეწოლის სიძლიერის განსაზღვრელად ენდეთ თქვენს შეგრძნებებს. მაგალითად, თუ მასტიმულირებელი მასაჟის დროს კანი ადვილად წითლდება ან ღიზიანდება, შეამცირეთ მისი ხანგრძლივობა.
არ დაგავიწყდეთ:
• კისრის და დეკოლტეს არე. ამბობენ, რომ ქალის სახე ნიკაპით არ მთავრდება!
• განსაკუთრებით დაძაბული ზონები, როგორიც არის ყბა, შუბლი და წარბებს შორის მონაკვეთი, ტუჩების კუთხეები.
• ხელები! მასაჟის დასრულებისას ხელებიდან ზეთის თუ კრემის ჩამობანის ნაცვლად გადაინაწილეთ იგი ხელებზე და 1-2 წუთი დაუთმეთ ხელის მტევნების და თითების მასაჟს.
როგორ ვიკეთებთ მასაჟს თვალების გარშემო?
• არავითარ შემთხვევაში თვალების გარშემო მასაჟისთვის და უბრალოდ კრემის წასმის დროს არ ვეხებით ქუთუთოების მოძრავ ნაწილს!
• თითის ბალიშები სწორედ თვალის გარშემო ძვლოვანი ნაწილის კონტურზე მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი, ზეწოლით ატარეთ.
• ერთადერთი სწორი მიმართულება არის:
• ზედა მხარეს: ცხვირიდან თვალის გარეთა კუთხისკენ
• ქვედა მხარეს: თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირისკენ
• თუ მოისურვებთ მასაჟი
5-10 წუთის განმავლობაში ჩაიტარეთ ან უბრალოდ ყოველდღიური კრემის წასმის დროს გაითვალისწინეთ მოძრაობების სწორი მონახაზი. ან სრული სამეტაპიანი მასაჟი ჩაიტარეთ 40-45 წუთის განმავლობაში. ყველაფერი მხოლოდ თქვენს კომფორტზეა დამოკიდებული. ყოველდღიურად, დღე გამოშვებით თუ დღეში ორჯერ – მთავარია ეს ჩვევაში გადაიზარდოს, რადგან შედეგი გამოაქვს მხოლოდ სისტემატურ ქმედებებს!
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ მაქსიმუმ 48 საათში გიპასუხებთ